რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

 ერდოღანი ფაშინიანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

მოლაპარაკებები სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართა.

როგორც თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრის დროს განხილული იყო თურქეთსა და სომხეთს შორის კონტაქტები, სამხრეთ კავკასიას მშვიდობისა და დიალოგის პროცესი და მიმდინარე რეგიონული მოვლენები.

„შეხვედრისას პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიღწეული კონსენსუსის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს რეგიონული განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერას. მხარეებმა ასევე განიხილეს პოტენციური ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საჭიროა თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის ფარგლებში. პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი იყენებს ყველა დიპლომატიურ საშუალებას სტაბილურობის დასამყარებლად არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მთელ რეგიონში, ასევე აგრძელებს ჩართულობას სხვა ლიდერებთან, რათა თავიდან აიცილოს რისკები, რომლებიც მომდინარეობს ირანზე ისრაელის თავდასხმებით გამოწვეული ძალადობის სპირალიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.

თურქეთის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი.

ნიკოლ ფაშინიანი თურქეთში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.