1750446272
„საკუთარი შვილები ტყვედ აიყვანა და აშიმშილებდა...“ - მამაკაცს 14 დანაშაულში ედება ბრალი (უცხოეთი)

აშშ-ში, ჯორჯიის შტატში მამა დამნაშავედ ცნეს 4 წლის ქალიშვილის შიმშილით სიკვდილის გამო.
32 წლის მამაკაცი დამნაშავედ ცნეს სულ 14 დანაშაულში, რომლებიც დაკავშირებულია მისი შვილების გატაცებასთან და ქალიშვილის მკვლელობასთან.
მამაკაცს სამი შვილი არასათანადო საცხოვრებელი პირობების გამო მეურვეობიდან 2023 წელს ჩამოართვეს. პროკურორების მტკიცებით, მეურვეობის ჩამორთმევის შემდეგ, მან შვილები დედისგან უკან გაიტაცა და ტყვედ აიყვანა.
გამომძიებლების თქმით, გატაცების შემდეგ, მამაკაცის სახლში ცხოვრებისას ბავშვები ჩაკეტილ, ცალკე ოთახებში იმყოფებოდნენ საკვებისა და წყლის გარეშე, მათ კამერები აკვირდებოდნენ და ტუალეტში გასვლის უფლებაც არ ჰქონდათ.
მამაკაცის ერთ-ერთ მეზობელს ხშირად ესმოდა ბავშვების კივილის ან ტირილის ხმა. ამიტომ იგი საჭირო უწყებებს დაუკავშირდა. თუმცა, თავიდან სამართალდამცავი ორგანოების მცდელობები, შეემოწმებინათ ბავშვები, უშედეგოდ დასრულდა.
მოგვიანებით პოლიციამ 4 წლის გოგონა სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვა. იგი თავის ორ ძმასთან ერთად საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაცვლილად გამოაცხადეს.
ბავშვის გარდაცვალების მიზეზად ხანგრძლივი არასრულფასოვანი კვების შედეგად გამოწვეული გულის გაჩერება დადგინდა. გარდაცვალების დროს 4 წლის გოგონა მხოლოდ10 კილოგრამს იწონიდა.
მამაკაცმა აღიარა, რომ მან „რამდენიმე არასწორი გადაწყვეტილება“ მიიღო ბავშვების დედის მიმართ, თუმცა არასდროს ჰქონია განზრახული ბავშვებისთვის ზიანის მიყენება.
ბრალდებები მოიცავს განზრახ მკვლელობის ერთ და მძიმე მკვლელობის ერთ ეპიზოდს; ბავშვების მიმართ პირველი ხარისხის სისასტიკის სამ შემთხვევას; უკანონო თავისუფლების აღკვეთის სამ შემთხვევას; არასრულწლოვნის დამოკიდებულების ხელშეწყობის სამ შემთხვევას და გატაცების სამ შემთხვევას.
მას, შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს.