ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ რეჰოვოტში, ვაიცმანის სამეცნიერო ინსტიტუტში ვიზიტისას განაცხადა, სადაც გასული კვირის ბოლოს ირანის სარაკეტო დარტყმა განხორციელდა.

ვიზიტის დროს ისრაელის პრემიერს ჰკითხეს, რამდენ ხანს გაგრძელდება ისრაელის იერიშები ირანზე, რაზეც ნეთანიაჰუმ განაცხადა:

„რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, ეს არის პასუხი. რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, რადგან ჩვენ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვართ, ორმაგი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე. ერთია 20 ათასი რაკეტა, მეორე კი, რა თქმა უნდა, ატომური ბომბები ამ გიჟი რეჟიმის ხელში“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისრაელის ქმედების მიზანია, გადაარჩინოს საკუთარი თავი ირანისგან მომდინარე განადგურების საფრთხისგან.

„ირანი მსოფლიოში მთავარი ტერორისტული რეჟიმია. მას არ უნდა ჰქონდეს და არ შეიძლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ისრაელის ქმედების მიზანია, გადაარჩინოს საკუთარი თავი ირანიდან მომდინარე განადგურების საფრთხისგან. ამის კეთებით ჩვენ ასევე ვახდენთ მრავალი ქვეყნის გადარჩენას“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.