რადგან ჩვენ არ შეგვიძლია დავემუქროთ პუტინს, რჩება მხოლოდ ერთი მეთოდი, გარიგება - ბელგიის პრემიერ-მინისტრი

ბარტ დე ვევერი

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი გამოდის ინიციატივით, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის გაფორმდეს შეთანხმება იმ ეკონომიკური სანქციების დასასრულებლად, რომლებიც უკრაინასთან კონფლიქტის გამო დაწესდა.

ბარტ დე ვევერი მიიჩნევს, რომ ახლა ევროკავშირს არ აქვს იმის ძალა, რომ აიძულოს რუსეთი უკან დაიხიოს უკრაინის წინააღმდეგ ომში. შესაბამისად, მისი აზრით, ევროკავშირმა წევრი ქვეყნებისგან უნდა მიიღოს მანდატი მოსკოვთან მოლაპარაკებების საწარმოებლად.

„რადგან ჩვენ არ შეგვიძლია დავემუქროთ პუტინს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით და არც მისი ეკონომიკური მოგუდვა შეგვიძლია აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, რჩება მხოლოდ ერთი მეთოდი: გარიგება“ - აცხადებს ბელგიის პრემიერი გამოცემა L"Echo-სთან ინტერვიუში.

მიიჩნევს, რომ რუსეთის მუხლებზე დაჩოქება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ იარსებებდა „ამერიკის შეერთებული შტატების 100-პროცენტიანი მხარდაჭერა“.

„თუმცა, ისინი სულაც არ არიან უკრაინის მხარეს. ხანდახან ვფიქრობ, რომ ისინი უფრო ახლოს არიან პუტინთან, ვიდრე ზელენსკისთან“ - აღნიშნავს ბარტ დე ვევერი.

„მოსკოვთან მოლაპარაკების მანდატის გარეშე, ჩვენ ვერ მოვხვდებით იმ მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც ამერიკელები თავად აიძულებენ უკრაინას გარიგებაზე დათანხმებას. უკვე ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩვენთვის ცუდი შეთანხმება იქნება“.