ცნობილია, როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი „სითი მოლის“ მიმდებარედ - სიახლე სატრანსპორტო სქემაში
1785422822
პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალმა 28 ივლისს არაკონსტიტუციურად ცნო ციფრული საკითხების მინისტრის ბრძანებაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც საზღვარგარეთ რეგისტრირებული ერთნაირსქესიანთა ქორწინებების შესახებ ჩანაწერების პოლონეთის სამოქალაქო რეესტრში შეტანის ნებართვას იძლეოდა. ამის შესახებ პოლონური ტელემაუწყებელი Polsat News-ი იუწყება.
მედიის ცნობით, მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები სამოქალაქო მდგომარეობის აქტების დოკუმენტების ფორმებს შეეხებოდა. კერძოდ, საზღვარგარეთ რეგისტრირებული ერთნაირსქესიანთა ქორწინებების მოწმობებიდან ამონაწერების პოლონეთის სამოქალაქო რეესტრში რეგისტრაციის საშუალებას იძლეოდა.
გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ, რომელსაც საკონსტიტუციო ტრიბუნალის პრეზიდენტი, ბოგდან შვენჩკოვსკი თავმჯდომარეობდა.
პოლონური ტელემაუწყებლის ინფორმაციით, დოკუმენტმა სარეგისტრაციო ფორმებში არსებული ველები — „ქალის მონაცემები“ და „მამაკაცის მონაცემები“ – გენდერულად ნეიტრალური ველით – „მამაკაცის/ქალის მონაცემები“, შეცვალა. ახალი ფორმები ვრცელდებოდა, როგორც ქორწინების რეესტრის სრულ და მოკლე ამონაწერებზე, ასევე ცნობებზე, რომელიც ადასტურებს, არის თუ არა პირის მონაცემები შეტანილი სამოქალაქო მდგომარეობის აქტების რეესტრში.
ივნისის დასაწყისში ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლიანობის “ (PiS) დეპუტატთა ჯგუფმა, პარლამენტარ მარჩინ ვარხოლის წარმომადგენლობით, აღნიშნული რეგულაცია საკონსტიტუციო ტრიბუნალში გასაჩივრა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ დოკუმენტი ეჭვქვეშ აყენებდა ქორწინების, როგორც ქალისა და კაცის კავშირის, კონსტიტუციურ განმარტებას.
რეგულაციის თანახმად, ცვლილებები 2026 წლის 23 აგვისტოს, ოფიციალური გამოქვეყნებიდან სამი თვის შემდეგ უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა Polsat News-ის ცნობით, სამოქალაქო რეესტრის ბევრმა სამსახურმა ახალი წესების გამოყენება უკვე დაიწყო.