POLITICO: გერმანიამ რუსეთთან დაკავშირებულ ბირთვულ პროექტს მწვანე შუქი აუნთო

 AFP via

გერმანიის ჩრდილო-დასავლეთში რუსეთის სახელმწიფო ბირთვულ კორპორაცია Rosatom-თან დაკავშირებულმა პროექტმა სახელმწიფო უწყებებისგან განვითარების ნებართვა მიიღო. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება უსაფრთხოების მკაცრი პირობების დაცვით იქნა მიღებული, რათა რუსეთის მონაწილეობასთან დაკავშირებული რისკები შემცირდეს.

როგორც POLITICO წერს, ქვემო საქსონიის მიწის გარემოს დაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს ფრანგულ კომპანია Framatome-ს ნება დართო, გერმანიის ქალაქ ლინგენში რუსული ტიპის ბირთვული საწვავის ღეროებისა და საწვავის შეკრებების წარმოება დაიწყოს.

პროექტს ფრანგული Framatome, რომელიც სახელმწიფო ენერგოკომპანია EDF-ის შვილობილი კომპანიაა, განახორციელებს. საწარმო გამოიყენებს ძირითად კომპონენტებს, რომლებსაც TVEL - კრემლის კონტროლქვეშ მყოფი Rosatom-ის შვილობილი კომპანია - მიაწვდის. თავად TVEL ქარხანას არ მართავს, თუმცა რუსეთში წარმოებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტების მომწოდებელი იქნება.

პროექტმა მანამდე როგორც რეგიონულ, ისე ფედერალურ ხელისუფლებაში ჯაშუშობისა და უსაფრთხოების შესაძლო საფრთხეების გამო შეშფოთება გამოიწვია.

ნებართვა უსაფრთხოების ფართო სპექტრის პირობებს ითვალისწინებს. მათ შორის, Rosatom-ისა და TVEL-ის თანამშრომლებს ქარხანაში შესვლა ეკრძალებათ. ქვემო საქსონიის გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, გამონაკლისი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში დაიშვება და მხოლოდ ბირთვული ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენლის თანხლებით.

დადგენილი წესები ასევე ითვალისწინებს TVEL-ისა და Framatome-ის შვილობილი ANF-ის მიერ მიწოდებული დანადგარების საფუძვლიან უსაფრთხოების შემოწმებას. Framatome-ის თანამშრომლები ვალდებულნი იქნებიან, TVEL-ისა და Rosatom-ის თანამშრომლებთან ურთიერთობისას ჯაშუშობის, დივერსიისა და თანამშრომლების გადაბირების რისკების თავიდან ასაცილებლად დაწესებული სპეციალური წესები დაიცვან.

როგორც POLITICO იუწყება, გადაწყვეტილება იმ ფონზე მიიღეს, როცა ევროკავშირი ბირთვულ ენერგეტიკას სულ უფრო მეტად განიხილავს, როგორც წიაღისეული საწვავის ჩანაცვლების ერთ-ერთ ძირითად საშუალებას. ამავე დროს, ბლოკი ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის საპასუხოდ რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტის შეწყვეტას ცდილობს.