POLITICO: ჩინეთმა Rheinmetall და ევროკავშირის 13 სხვა სამრეწველო კომპანია დაასანქცირა

Rheinmetall

ჩინეთი ევროკავშირის 14 თავდაცვითი და ტექნოლოგიური კომპანიის მიმართ საექსპორტო შეზღუდვებს აწესებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიაში 14 ჩინური კომპანია შეიყვანა.

ეს პეკინის მხრიდან ევროკავშირის სანქციებზე დღემდე ყველაზე პირდაპირ და მკაცრ პასუხად მიიჩნევა. ჩინეთის ხელისუფლებამ ევროკავშირის გადაწყვეტილებას „უკიდურესად აღმაშფოთებელი“ უწოდა. ბოლო კვლევების თანახმად, სანქცირებული საქონლის დაახლოებით 90%, რომელიც კვლავ რუსეთში ხვდება, ჩინეთის გავლით გადაადგილდება.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, გერმანიის სწრაფად მზარდი თავდაცვითი კომპანია Rheinmetall-ი იმ 14 კომპანიას შორისაა, რომელთათვისაც ჩინელ ექსპორტიორებს ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, ანუ ისეთი საქონლის, რომელსაც როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო გამოყენება აქვს, მიწოდება აეკრძალებათ, წერს გამოცემა.

შეზღუდვები ასევე შეეხო ჩეხურ სატვირთო ავტომწარმოებელ Tatra-ს, ნიდერლანდურ საზღვაო საინჟინრო კომპანიას IHC Merwede-ს, ასევე ოპტიკისა და ლაზერული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ რამდენიმე კომპანიას.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ექსპორტიორებს სპეციალური ლიცენზიის მიღების მოთხოვნით მიმართვა შეეძლებათ, თუ კონკრეტული მიწოდება „ნამდვილად აუცილებლად“ ჩაითვლება.

განცხადება ევროკავშირის გადაწყვეტილებიდან ერთი დღის შემდეგ გავრცელდა. ბრიუსელმა სანქციების სიაში 14 ჩინური და ჰონკონგში რეგისტრირებული კომპანია შეიყვანა, რის შედეგადაც ევროპულ კომპანიებს მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება აეკრძალათ.

POLITICO-ის ცნობით, სანქცირებული კომპანიების უმეტესობა მაღალტექნოლოგიურ თავდაცვით სექტორში არ საქმიანობს. ისინი ძირითადად ლოგისტიკური კომპანიებია, რომლებიც რუს იმპორტიორებს დასავლური ტექნოლოგიების მოპოვებაში ეხმარებიან.