პიტ ჰეგსეტი: მშვიდობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ომისთვის მზადყოფნა, ეს კი მოითხოვს მეტ სამხედროს, საბრძოლო მასალას, დრონებს, აშშ ძლიერია, მაგრამ უფრო ძლიერი უნდა გახდეს

პიტ ჰეგსეტი

მშვიდობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ომისთვის მზადყოფნა, – ამის შესახებ აშშ-ის ომის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პიტ ჰეგსეტმა ამერიკელ სამხედრო ლიდერების შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ს მსოფლიოში უძლიერესი შეიარაღებული ძალები ჰყავს, რომლის დამარცხებაც დღეს არავის შეუძლია.

„ომის დეპარტამენტის ერთადერთი მისია დღეიდან არის ომისთვის და გამარჯვებისთვის მზადება. არა იმიტომ, რომ ჩვენ ომი გვინდა, არამედ იმიტომ, რომ მშვიდობა გვიყვარს. ჩვენ გვიყვარს მშვიდობა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ისინი იმსახურებენ მშვიდობას და ელოდებიან ჩვენგან რომ ეს შევასრულოთ. ჩვენი უპირველესი ამოცანაა ვიყოთ ძლიერები, რათა მოვახდინოთ ომის პრევენცია. პრეზიდენტი ტრამპი ამაზე მუდამ საუბრობს და ამას ეწოდება – მშვიდობა ძალის მეშვეობით. ისტორია გვასწავლის, რომ ერთადერთი ხალხი ვინც მშვიდობას იმსახურებს, არიან ისინი, ვინც მზად არიან ომის წარმოებისთვის მშვიდობის დასაცავად. სწორედ ამიტომ პაციფიზმი არის ასეთი მიამიტი და სახიფათო. ის იგნორირებას უკეთებს ადამიანურ ბუნებას და კაცობრიობის ისტორიას. ან იცავ შენს ხალხსა და სუვერენიტეტს, ან იქნები რამის ან ვინმეს მსახური“ – განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.

როგორც ჰეგსეტმა აღნიშნა, აშშ-ის ვალდებულებაა ჰყავდეს შეიარაღებული ძალები, რომლებიც გაიმარჯვებენ ნებისმიერ ომში.

„ჩვენი მტრები სულელურად აირჩევენ გამოიწვიონ აშშ. მათ გავანადგურებთ. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, აშშ-ს ჰყავს უძლიერესი და ყველაზე უკეთ მომზადებული შეიარაღებული ძალები ამ პლანეტაზე. ეს სიმართლეა. წერტილი, ვერავინ შეგვეხება. ეს სიმართლეა დიდწილად იმ ინვესტიციების გათვალისწინებით, რომლებიც დონალდ ტრამპმა პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში დააბანდა და ეს გაგრძელდება. ეს ასევე სიმართლეა იმ საოცარი სამხედრო ლიდერებისა და ჯარისკაცების გამო, რომელიც აშშ-ს ჰყავს“, – განაცხადა ჰეგსეტმა.

მისივე თქმით, ახლა არის მომენტი, როდესაც აშშ-ის მტრები ძლიერდებიან და საფრთხეები იზრდება.

„თამაშების დრო აღარ არის. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. ეს მომენტი მოითხოვს მეტ სამხედროს, მეტ საბრძოლო მასალას, მეტ დრონებს, მეტ საჰაერო თავდაცვით სისტემებს, მეტ წყალქვეშა ნავებს და მეტ ბომბდამშენებს. ეს მოითხოვს მეტ ინოვაციას, მეტ ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერში. ამერიკა არის ძლიერი, მაგრამ ის კიდევ უფრო ძლიერ უნდა გახდეს, რაც შეიძლება სწრაფად“, – განაცხადა აშშ-ის ომის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

ჰეგსეტმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის მოკავშირეების მხრიდან „ტვირთის გაზიარების“ აუცილებლობას.

„მხოლოდ ამერიკას ყველაფრის კეთება არ შეუძლია. თავისუფალი სამყარო საჭიროებს რეალურად ძლიერ მოკავშირეებს, რომელთაც ჰყავთ სამხედრო ლიდერები და გააჩნიათ რეალური სამხედრო შესაძლებლობები“, – განაცხადა ჰეგსეტმა.