1779737742
პეტერ მადიარმა ხელფასი გაინახევრა, ანაზღაურების შემცირებას ასევე გეგმავს მთავრობისთვის, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებისთვის და ზოგადად, პოლიტიკური ელიტისთვის
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ხელფასი გაინახევრა. როგორც პეტერ მადიარმა ტელეკომპანია RTL-თან ინტერვიუში ისაუბრა, ანაზღაურების შემცირებას ის მთავრობისთვის, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების, სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელებისა და, ზოგადად, პოლიტიკური ელიტისთვის გეგმავს და ამას რთული ეკონომიკური პერიოდის განმავლობაში საზოგადოებისთვის თავშეკავების მაგალითის დემონსტრირებად მიიჩნევს.
პეტერ მადიარის ყოველთვიური ანაზღაურება 3.8 მილიონი ფორინტი (12.4 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი) იქნება. შედარებისთვის, მისი წინამორბედის, ვიქტორ ორბანის ანაზღაურება 7.8 მილიონ ფორინტს (25.5 ათას დოლარს ) შეადგენდა.
რეფორმის ფარგლებში მადიარი ასევე გეგმავს სამთავრობო თუ საპარლამენტო ხარჯების შემცირებასაც.
მოქმედი კანონმდებლობით, დეპუტატები საწვავის, ბინისა და პერსონალის უზრუნველსაყოფად ყოველთვიურად შვიდ მილიონ ფორინტამდე თანხას იღებდნენ.
ცვლილების შემდეგ, ზედა ზღვარი ხუთ მილიონ ფორინტზე ნაკლები იქნება.
პოლიტიკური პრივილეგიების გაუქმების ფარგლებში ასევე გამკაცრდება დიპლომატიური პასპორტების გაცემისა და ავტომობილებზე სპეციალური ლურჯი ციმციმების დამონტაჟების წესებიც, რაც მხოლოდ პრემიერსა და შს სამინისტროზე გავრცელდება.










