ოთხი ამერიკელი სენატორი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან შეთანხმებას მიაღწიეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონმდებლობასთან დაკავშირებით

კონგრესი

ამერიკელი სენატორების განცხადებით, მათ ტრამპის ადმინისტრაციასთან შეთანხმებას მიაღწიეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონმდებლობასთან დაკავშირებით.

„სიამაყით ვაცხადებთ, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას ტრამპის ადმინისტრაციასთან წინ წავწიოთ ჩვენ განახლებული კანონმდებლობა რუსეთის სანქციებზე. მოხარული ვართ ამ მნიშვნელოვანი პროგრესით და ველოდებით, რომ კანონპროექტი უახლოეს მომავალში დამტკიცდება.

ვინაიდან რუსეთი  ინტენსიურად განაგრძობს მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელმა შტოებმა ერთად იმუშაონ ინსტრუმენტების შექმნაზე, რომელიც ძვირად დაუჯდება მათ, ვინც რუსულ ნავთობსა და ბუნებრივი აირს იძენს –  კვებავს პუტინის სამხედრო მანქანას“, – აღნიშნულია სენატორების – რიჩარდ ბლუმენტალის, ლინდსი გრემის, ჯინ შაჰინისა და როჯერ უიკერის ერთობლივ განცხადებაში.

კანონპროექტი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთთან ბიზნესს აწარმოებენ, მათ შორის, ყიდულობენ ენერგომატარებლებს.