1752608534
ორბანმა მოუწოდა ევროკავშირს, სანქციები დაუწესოს უკრაინის იმ ლიდერებს, რომლებიც იოჟეფ შებეშტიენის სიკვდილზე არიან პასუხისმგებელი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირს მოუწოდა, სანქციები დაუწესდეთ უკრაინის იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც ტრანსკარპატიელი უნგრელის, იოჟეფ შებეშტიენის სამხედრო სამსახურში იძულებითი გაწვევისას სიკვდილზე არიან პასუხისმგებელი. ამის შესახებ განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„იოჟეფ შებეშტიენი იძულებითი გაწვევის დროს სიკვდილამდე სცემეს. დღეს უნგრეთის მთავრობამ ბრიუსელს მოუწოდა, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დამრღვევთა სიაში დაუყოვნებლივ შეიყვანოს უკრაინელი ლიდერები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უნგრეთის მოქალაქის, იოჟეფ შებეშტიენის სიკვდილზე“, – დაწერა ორბანმა „ფეისბუქის“ გვერდზე.
მანამდე ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი ევროკავშირისგან მოითხოვს, მკაფიოდ გამოხატოს პროტესტი უკრაინაში სამხედრო სამსახურში იძულებითი გაწვევის წინააღმდეგ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო შებეშტიენის დაღუპვასთან დაკავშირებით საკითხის დაყენებას ბრიუსელში, ევროკავშირის ქვეყნების კოლეგებთან შეხვედრაზე გეგმავს.
უნგრეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ივნისის შუა რიცხვებში შებეშტიენი ქუჩაში დააკავეს უკრაინელმა ძალოვნებმა, ძალით წაიყვანეს გაწვევის პუნქტში და სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მას არ სურდა ფრონტზე წასვლა. ის 6 ივლისს მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო სამი დღის შემდეგ მშობლიურ ქალაქში დაკრძალეს.
შებეშტიენის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში მისმა ახლობლებმა გაავრცელეს.
ბუდაპეშტში უკრაინის ელჩი ფიოდორ შანდორი 10 ივლისს უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, სადაც მისგან შებეშტიენის სიკვდილის შესახებ განმარტება მოითხოვეს.
უკრაინამ კატეგორიულად უარყო უნგრეთის ბრალდებები.
კიევიდან გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლობამ განაცხადა, რომ შებეშტიენი 6 ივლისს გარდაიცვალა ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის შედეგად და მას ფიზიკური ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნებოდა.