ნიკოლა სარკოზი პატიმრობამდე რამდენიმე დღით ადრე ელისეის სასახლეში ემანუელ მაკრონს შეხვდა - მედია

ნიკოლა სარკოზი

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პატიმრობამდე რამდენიმე დღით ადრე ელისეის სასახლეში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა. გავრცელებული ცნობებით, ემანუელ მაკრონისა და ნიკოლა სარკოზის საიდუმლო შეხვედრა პარასკევს შედგა.

შესაბამის ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ელისეის სასახლეში თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკოლა სარკოზის ხუთი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი და სასჯელის მოხდა 21 ოქტომბერს უნდა დაიწყოს.

ყოფილმა პრეზიდენტმა ფრანგულ მედიას განუცხადა, რომ ჩანთა უკვე ჩალაგებული აქვს და თავს მშვიდად გრძნობს. ნიკოლა სარკოზი ამბობს, რომ ციხეში წიგნზე მუშაობას აპირებს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს დარჩება სარკოზი ციხეში. მისი ადვოკატები სასამართლოს წესით მის გათავისუფლებას ითხოვენ. სააპელაციო სასამართლოს საქმის შესასწავლად ორთვიანი ვადა აქვს. სარკოზი სასჯელის მოხდას საფრანგეთის დედაქალაქში, ლა სანტეს ციხეში დაიწყებს.

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა 25 სექტემბერს მიუსაჯა. ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივ შეთქმულებაში, მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობის საქმის ფარგლებში. ამასთან, პარიზის სასამართლომ ნიკოლა სარკოზი სხვა ბრალდებებში, მათ შორის კორუფციაში მონაწილეობისა და საფრანგეთში საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეებზე გაამართლა. ყოფილი პრეზიდენტი განაჩენს უსამართლოდ მიიჩნევს.

სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა.