ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზას სომხეთის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა არ აქვს

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის მთავრობა წინააღმდეგი არ იქნება, თუ რუსეთი გიუმრიდან 102-ე სამხედრო ბაზას გაიყვანს, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ჩვენ არასდროს დაგვიყენებია სომხეთში მოქმედი რუსული სამხედრო ბაზის საკითხი. ახლა ეს საკითხი რუსეთმა დააყენა და ჩვენ ამ განხილვასთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებთ.

მე ვამბობ, რომ 2022 წლის სექტემბრის მოვლენებმა აჩვენა, რომ 102-ე სამხედრო ბაზას სომხეთის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა არ აქვს. არ ყოფილა შემთხვევა, რომ სომხეთის რომელიმე ოფიციალურ პირს რუსეთის რომელიმე ოფიციალურ პირთან ასეთი საკითხი დაეყენებინოს ან ამ საკითხზე საუბარი დაეწყო. თუ ისინი გადაწყვეტენ ბაზის გაყვანას, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით.

102-ე სამხედრო ბაზა სომხეთის უსაფრთხოებას არაფერს მატებს. თუ მათ არ სურთ მისი გაყვანა, ჩვენ მზად ვართ, ეს საკითხიც განვიხილოთ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერმა ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ერევანი დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას ატარებს და ცდილობს ძალთა ბალანსის შენარჩუნებას.

„არ არის საჭირო, დაგვემუქრონ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გარიცხვით. თუ სურთ ჩვენი გაძევება, გაგვაძევონ. თუ არ სურთ, არ გაგვაძევონ“, - განაცხადა ფაშინიანმა.