ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალი

ნეპალისა და ტიბეტის სასაზღვრო ზონაში გამანადგურებელი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა.

ნეპალის პოლიციის ცნობით, 403 დაკარგულად ითვლება, მათ შორის 341 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დაკარგულთაგან 200 ქალია, ხოლო 203 მამაკაცი.

ცნობისთვის, ნეპალისა და ტიბეტის სასაზღვრო ზონაში მეწყერი ჩამოწვა, რასაც ღვარცოფი მოჰყვა. სასაზღვრო პუნქტთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს წამებში როგორ გადაფარა ღვარცოფმა სასაზღვრო ზონა.

გრუნტისა და წყლის მასამ თან ჩაიტანა მანქანები და ავტობუსები.

სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც. 

ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, მეწყერი სავარაუდოდ მიწისძვრამ გამოიწვია.

დატბორილია საზღვრისპირა დასახლებები. ადიდებულმა მდინარემ წაიღო საცხოვრებელი სახლები და ხიდებიც. ნიაღვარმა დააზიანა ტრიშულის ჰიდროელექტრო სადგურიც.