NATO-ს მოკავშირეები სრულ სოლიდარობას უცხადებენ პოლონეთს და რუსეთის უგუნურ საქციელს გმობენ - მარკ რუტე

მარკ რუტე

NATO-ს მოკავშირეები სრულ სოლიდარობას უცხადებენ პოლონეთს და რუსეთის უგუნურ საქციელს გმობენ, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ალიანსის შტაბ-ბინაში ბრიფინგის დროს განაცხადა, რითაც პოლონეთში რუსული დრონების ჩამოგდებას გამოეხმაურა.

მისი თმით, NATO-ს მთავარი ამოცანაა აგრესიის შეკავება და ალიანსის ყველა წევრის დაცვა ნებისმიერი საფრთხისგან.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა აგრესიის შეკავება და ალიანსის ყველა წევრის დაცვა ნებისმიერი საფრთხისგან, რომლის წინაშეც ვდგავართ. ჩვენი აღმოსავლეთ ფლანგის დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვყავს მეოთხე სახმელეთო ძალები განლაგებული რვა ქვეყანაში, თითოეული მოკავშირის მონაწილეობით. ჩვენ გვაქვს საჰაერო თავდაცვა, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სისტემები. აქაც, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მოკავშირეების წვლილით, ყოველდღიურად ვმუშაობთ ერთად იმის უზრუნველსაყოფად, რომ მზად ვიყოთ მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დასაცავად. წლის დასაწყისში ჩვენ შევქმენით „ბალტიისპირეთის სადარაჯო“, რათა დავეხმაროთ ქვეყნებს ბალტიის ზღვაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ NATO-ს აღმოსავლეთ ნაწილში უახლოეს დღეებში წვრთნები დაიწყება მოკავშირე ქვეყნების, მათ შორის დანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის და სხვა წევრების მონაწილეობით.

ცნობისთვის, 10 სექტემბრის ღამით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე რამდენიმე დრონმა დაარღვია, რომლებიც ჩამოაგდეს. პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო პოლონეთის ხელისუფლებამ NATO-ს წესდების მეოთხე მუხლს გააქტიურება მოითხოვა, რაც მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვას გულისხმობს.