„NATO-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს“ თანამშრომლებთან დაკავშირებული კორუფციული გამოძიების საქმეზე ხუთი ადამიანი დააკავეს

nato

„ნატო-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს“ თანამშრომლებთან დაკავშირებული კორუფციული გამოძიების საქმეზე ხუთი ადამიანი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ადამიანი ბელგიაშია დაკავებული, სამი კი ნიდერლანდებში.

ბელგიის პროკურორმა განაცხადა, რომ დაკავებები ეხება ნატო-ს მეშვეობით საბრძოლო მასალისა და უპილოტო აპარატების შესაძენად გაცემულ კონტრაქტებში „შესაძლო დარღვევებს“.

ბელგიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნატო-ს სააგენტოს თანამშრომლებმა ან ლუქსემბურგში ყოფილმა თანამშრომლებმა შესაძლოა, ინფორმაცია გადასცეს თავდაცვის კონტრაქტორებს.

„არსებობს მინიშნებები, რომ ამ უკანონო პრაქტიკიდან მიღებული ფული შესაძლოა, გათეთრებულიყო, ნაწილობრივ საკონსულტაციო კომპანიების შექმნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პარალელურად, ნიდერლანდების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაკავებულთა შორის არის 58 წლის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომლის წინა სამსახურიც „საერთაშორისო შესყიდვების კონტრაქტებს მოიცავდა.“

ლუქსემბურგში პროკურატურამ დაადასტურა, რომ დიდ საჰერცოგოში დოკუმენტები ამოიღეს და გამოძიება ასევე გავრცელდა იტალიაში, ესპანეთსა და აშშ-ში, რომელსაც კოორდინაციას უწევს ევროკავშირის მართლმსაჯულების სააგენტო „ევროჯასტი“.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ გამოძიება თავად სააგენტომ დაიწყო.

ნატო-ს შესყიდვების სააგენტო, რომელსაც 1 500 თანამშრომელი ჰყავს, ლუქსემბურგში მდებარეობს, ხოლო ფილიალები ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყანაში აქვს. ნატო-ს ოპერაციების ან მისიებისთვის ლოჯისტიკური მხარდაჭერის გარდა, მას ასევე შეუძლია წევრი სახელმწიფოების სახელით თავდაცვის კონტრაქტებზე მოლაპარაკება. ნატო-ს თანახმად, თავად სააგენტო მოქმედებს „ზარალის გარეშე, მოგების გარეშე“ პრინციპით.