მოლდოვის პოლიცია არჩევნების დღეს არაღიარებული დნესტრისპირეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე, უსაფრთხოების ზონაში რამდენიმე ტერიტორიის სავარაუდო დანაღმვის შესახებ იტყობინება

მოლდოვა

მოლდოვის პოლიცია საპარლამენტო არჩევნების დღეს არაღიარებული დნესტრისპირეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე უსაფრთხოების ზონაში რამდენიმე ტერიტორიის სავარაუდო დანაღმვის შესახებ იტყობინება.

მოლდოვის პოლიციის პრესსპიკერის, დიანა ფეტკოს განცხადებით, სამართალდამცველებმა შეტყობინება მიიღეს იმ ხიდის დანაღმვის შესახებ, რომელსაც დნესტრის მარცხენა სანაპიროს მცხოვრებლები მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, გადასასვლელად იყენებდნენ.

„ჩვენ ერთდროულად რამდენიმე ასეთი შემთხვევა დავაფიქსირეთ. პროტოკოლის თანახმად, ადგილზე ოპერატიული ჯგუფები მუშაობენ“, – განაცხადა დიანა ფეტკომ.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია კაუშანსა და რეზინში მდებარე საარჩევნო უბნების სავარაუდო დანაღმვის შესახებ, რომლებიც დნესტრისპირეთის მცხოვრებლებისთვის ხმის მისაცემად გაიხსნა.

შეტყობინება მიიღეს გურა-ბიკულუიში საარჩევნო უბნის დანაღმვის შესახებაც, თუმცა ეს ცრუ განგაში აღმოჩნდა და უბანზე ხმის მიცემის პროცესი მალევე განახლდა.