1792612078
მნიშვნელოვანია, რომ უიტკოფი რუსულ მხარეს შეხვდა, რუსეთი მხარს უჭერს გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას, ამერიკული მხარე სთავაზობს, რაც შეიძლება, მალე მოხდეს, ჩვენც მხარს ვუჭერთ - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას.
მისივე თქმით, შეხვედრის თარიღები ჯერ ისევ შეთანხმების პროცესშია.
ზელენსკის განცხადებით, ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის რუსეთში ვიზიტის შედეგი.
„მნიშვნელოვანია, რომ დღეს უიტკოფი რუსულ მხარეს შეხვდა. როგორც ბრიფინგიდან გავიგეთ, რუსეთი მხარს უჭერს ჩვენი გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას. ამერიკული მხარე სთავაზობს, რაც შეიძლება მალე მოხდეს ეს, ჩვენც მხარს ვუჭერთ. არ ვიცი, რა თარიღებში გაიმართება შეხვედრა. დღის წესრიგი ნათელია, ომის დასრულება, მშვიდობასთან დაახლოება და, როგორც მესმის, ლიდერების შეხვედრისთვის ყველაფრის მომზადება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის განმარტებით, უკრაინას აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით ამერიკელ პარტნიორებთან კომუნიკაცია ჰქონდა.
„რაც შეიძლება ადრე დაიგეგმება, ვფიქრობ, არა უგვიანეს ნოემბრის დასაწყისისა. ვნახოთ, ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკი.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მსჯელობა სამმხრივი, ტექნიკური დონის მოლაპარაკებების ფორმატში გაგრძელდება. კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი უკრაინასა და აშშ-თან სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდა.











