გაზის მიწოდება 34 საათით შეწყდება - ნახეთ მისამართები და დეტალური ინფორმაცია
1793904081
გერმანიაში, 32 წლის წინ მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმე თანამედროვე დნმ-ტექნოლოგიების დახმარებით გახსნეს. 81 წლის მამაკაცი, რომელიც 1994 წელს 24 წლის ამერიკელი ტურისტის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, პოლიციამ მოხუცებულთა თავშესაფარში დააკავა. მოგვიანებით მან დანაშაული აღიარა, სასამართლომ კი უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
შემთხვევა 1994 წლის 26 სექტემბერს, გერმანიის ქალაქ კობლენცში მოხდა. 24 წლის ემი ლოპესი ევროპაში მოგზაურობდა და იმ დღეს ისტორიული ერენბრაიტშტაინის ციხესიმაგრის მონახულებას გეგმავდა. ახალგაზრდა ქალი ციხესიმაგრისკენ მიმავალ ბილიკზე გაუჩინარდა.
მეორე მხრივ, მისი ცხედარი შემთხვევით აღმოაჩინეს ბავშვებმა, რომლებიც ტერიტორიაზე თამაშობდნენ. ქალს მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა - მას თავის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობები, სხეულზე დანით მიყენებული მრავალი ჭრილობა და გაგუდვის კვალი.
გამოძიება წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა სამართალდამცველები დამნაშავის ვინაობის დადგენას ვერ ახერხებდნენ. საქმეზე ასობით კვალი შეისწავლეს და არაერთი ადამიანი დაკითხეს, მაგრამ შედეგი არ ჩანდა.
გარდატეხა მხოლოდ ათწლეულების შემდეგ მოხდა. გამომძიებლებმა ხელახლა შეისწავლეს მსხვერპლის ტანსაცმელი და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მტკიცებულებები. დაახლოებით 1600 ნიმუშის თანამედროვე მეთოდებით ანალიზმა დნმ-ის კვალი გამოავლინა, რომელიც სავარაუდო დამნაშავეს ეკუთვნოდა.
გამოძიება 81 წლის გერმანიის მოქალაქემდე მივიდა. აღმოჩნდა, რომ მამაკაცი სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ 1999 წელს მოხვედრილა, როდესაც სხვა სექსუალური დანაშაულისთვის გაასამართლეს. თუმცა მაშინ ემი ლოპესის მკვლელობასთან მისი დაკავშირება შესაბამისი დნმ-მტკიცებულების არარსებობის გამო ვერ მოხერხდა.
გამოძიების ვერსიით, 1994 წელს მამაკაცი ქალს ციხესიმაგრის ტერიტორიაზე შეხვდა და ცრუ დაპირებით, თითქოს გზას აჩვენებდა, განმარტოებულ შენობაში შეიტყუა. იქ მასზე სექსუალურად იძალადა და სასტიკად გაუსწორდა.
2026 წლის 28 აგვისტოს სასამართლომ 81 წლის მამაკაცს მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიუსაჯა.