„მინდა, საკუთარი მომავალი თავად შექმნან...“ - მილიარდერი კანონის შეცვლას ითხოვს, შვილებს მემკვიდრეობა რომ არ დაუტოვოს

მილიარდერი

ფრანგმა მილიარდერმა პიერ-ედუარ სტერინმა განაცხადა, რომ არ სურს თავის შვილებს მემკვიდრეობა დაუტოვოს. ამის გამო ბიზნესმენი იმ კანონის შეცვლის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც საფრანგეთში ორ საუკუნეზე მეტია მოქმედებს.

თავისი პოზიცია 52 წლის მეწარმემ საფრანგეთის სენატის სხდომაზე, ვიდეოკავშირის საშუალებით გააჟღერა. სტერინს ხუთი შვილი ჰყავს, თუმცა მიიჩნევს, რომ დიდმა ქონებამ მათ შეიძლება კი არ არგოს, არამედ, პირიქით, ავნოს კიდეც.

„არ მინდა ჩემს შვილებს ცხოვრება დავუღუპო, მათთვის არცერთი ცენტის მიცემას არ ვაპირებ. ცხოვრების ნულიდან დაწყება - აი, ეს არის ნამდვილი თავისუფლება“, - განაცხადა მილიარდერმა.
ამჟამად საფრანგეთის სამემკვიდრეო სამართალი ასეთ გადაწყვეტილებებს ზღუდავს. 1804 წელს მიღებული „ნაპოლეონის კოდექსის“ მიხედვით, შვილები გარანტირებულ მემკვიდრეებად ითვლებიან. თუ ოჯახში სამი ან მეტი შვილია, მათ მშობლების ქონების სავალდებულო წილზე აქვთ უფლება.

სტერინი ამას არ ეთანხმება. მისი თქმით, ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ვის გადასცეს თავისი კაპიტალი. ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ფულის ქველმოქმედებაში მიმართვა სურს. „მიმაჩნია, რომ ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოექცეს საკუთარ ქონებას. მე მინდა, რომ ჩემი კაპიტალი ქველმოქმედებას გადავცე“, - თქვა მან.

სტერინი ცნობილია როგორც კომპანია Smartbox-ის დამფუძნებელი, რომელიც ევროპაში პოპულარულ სასაჩუქრე სერტიფიკატებს ყიდის. მისი ქონება 1,4 მილიარდ ევროდ არის შეფასებული.