მეტე ფრედერიქსენი - დანიის სამეფო დიდ მხარდაჭერას იღებს, მოხარული ვარ კონტინენტის დანარჩენი ნაწილის გზავნილებით, ევროპა აშშ-ის შანტაჟის მსხვერპლი არ გახდება

მეტე ფრედერიქსენი

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი აცხადებს, რომ ევროპა აშშ-ის შანტაჟის მსხვერპლი არ გახდება.

მისი თქმით, დანია მოკავშირეებთან მუდმივი დიალოგის რეჟიმშია და მხარდაჭერას იღებს.

„აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით განცხადების შემდეგ, დანიის მთავრობა ინტენსიურ დიალოგს აწარმოებს ჩვენს მოკავშირეებთან. ვესაუბრე ჩემს არაერთ კოლეგას, მათ შორის გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და ბრიტანეთის პრეზიდენტ კირ სტარმერს. დანიის სამეფო დიდ მხარდაჭერას იღებს. ამავდროულად, ახლა კიდევ უფრო ნათელია, რომ ეს საკითხი ჩვენივე საზღვრებს ცდება. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მტკიცედ ვდგავართ იმ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რომლებმაც შექმნა ევროპული საზოგადოება. გვსურს თანამშრომლობა და ჩვენ არ ვართ კონფლიქტის მაძიებლები. მოხარული ვარ კონტინენტის დანარჩენი ნაწილის თანმიმდევრული გზავნილებით: ევროპა არ იქნება შანტაჟის მსხვერპლი“,  – განაცხადა მეტე ფრედერიქსენმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სავაჭრო ტარიფებს დაუწესებს ყველა იმ ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს დანიის ტერიტორიულ მთლიანობას და საკუთარი სამხედროები გააგზავნეს გრენლანდიაში. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ათპროცენტიანი ტარიფები პირველი თებერვლიდან დაუწესდება დანიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ნიდერლანდებს, ფინეთს, ნორვეგიასა და დიდ ბრიტანეთს. მისივე თქმით, გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება თუ არ შედგება, მაშინ პირველი ივნისიდან ტარიფები 25 პროცენტამდე გაიზრდება. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ტარიფები ძალაში დარჩება, ვიდრე გრენლანდია აშშ-ის იურისდიქციაში არ გადავა.