მედია: იტალია „ჩრდილოეთ ნაკადების“ აფეთქებაში ეჭვმიტანილ უკრაინელს გერმანიას გადასცემს

ჩრდილოეთ ნაკადები

იტალიის სასამართლომ ქვეყნის მთავრობას უფლება მისცა გერმანულ მხარეს გადასცეს უკრაინის მოქალაქე სერგეი კუზნეცოვი, რომელიც გერმანიის მიერ 2022 წელს „ჩრდილოეთ ნაკადების“ გაზსადენების აფეთქებაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ იტალიის უზენაესმა სასამართლომ მიიღო. მედიის ცნობით, უკრაინის მოქალაქეს გერმანიას სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გადასცემენ.

კუზნეცოვის ადვოკატის განცხადებით, ბრძოლა ჯერ დასრულებული არ არის.

„ის გერმანიაში გაგრძელდება, სადაც ჩვენი კოლეგები ბოლოს და ბოლოს შეძლებენ და განავითარებენ ჩვენ მიერ მომზადებულ იურიდიულ არგუმენტებს მას შემდეგ, რაც საქმეზე სრული წვდომა გვექნება“, - ციტირებს იტალიური მედია კუზნეცოვის ადვოკატს.

კუზნეცოვი იტალიაში აგვისტოში გერმანიის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. სექტემბერში პოლონეთში უკრაინის კიდევ ერთი მოქალაქე, დაივინგის ინსტრუქტორი ვლადიმერ ჟურავლიოვი დააკავეს. გერმანიაში ორივეს ბრალად 2022 წელს გაზსადენების “ჩრდილოეთ ნაკადი-1“ და „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ აფეთქება ედებათ. პოლონეთმა უკრაინელის გადაცემაზე უარი განაცხადა.