მარტა კოსი: ზოგჯერ უკრაინა გაცილებით მეტს აკეთებს, თუნდაც რუსეთთან ომის დროს, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები

მარტა კოსი

ზოგჯერ უკრაინა გაცილებით მეტს აკეთებს, თუნდაც რუსეთთან ომის დროს, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები, რომლებმაც აქამდე გაცილებით ნაკლები გააკეთეს – ამის შესახებ ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა.

კოსის თქმით, უკრაინა და მოლდოვა ვალდებული არ არიან, ერთი და იმავე ტემპით იარონ წინ და პროგრესის ტემპი თითოეული მათგანის ეფექტურობაზე იქნება დამოკიდებული.

მარტა კოსმა აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ შეიმუშავა ევროკომისიამ ევროპული ინტეგრაციის პროცესში ოთხი წამყვანი ქვეყნისთვის საგზაო რუკები.

„რა შევიტანეთ ამ საგზაო რუკში? ჩვენ ძალიან ნათლად განვაცხადეთ, რომ მოლდოვას შეუძლია, ბევრად სწრაფად იმოძრაოს. ერთადერთი კრიტერიუმი, რომლითაც შეგვიძლია, შევაფასოთ, რამდენად სწრაფად შეუძლია ქვეყანას წინსვლა, არის შედეგები. ჩვენ შევთანხმდით შედეგებზე დაფუძნებულ პრინციპზე. ჩვენ ვერ წავალთ წინ, თუ ჩვენს საქმეს არ შევასრულებთ, თუ წევრი სახელმწიფოები არ დაუჭერენ მხარს ამ შედეგებს“, – განაცხადა მარტა კოსმა.

ამავდროულად, მარტა კოსმა ისაუბრა იმ რთულ პირობებზე, რომელშიც, მისივე განმარტებით, უკრაინა აგრძელებს რეფორმების განხორციელებას, რუსეთთან ომის დროს.

„მოლდოვისა და უკრაინის პროგრესზე როდესაც ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინა ამჟამად ომშია. იცით, ზოგჯერ უკრაინა გაცილებით მეტს აკეთებს, თუნდაც რუსეთის წინააღმდეგ ომის დროს, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები, რომლებმაც ჯერჯერობით, გაცილებით ნაკლები გააკეთეს ამ უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგომის გარეშე. ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ იმ შედეგებით, რომლებსაც მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა აღწევენ. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი უკრაინაში დარწმუნებულიც კი არ არის, რომ ხვალ ცოცხალი გაიღვიძებს და მაინც, ისინი წინ მიიწევენ“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

✕