1755711092
მარკო რუბიომ და ანდრეი ერმაკმა მრჩევლების შეხვედრაზე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა მრჩევლების შეხვედრაზე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განიხილეს.
როგორც უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი უკრაინის პრეზიდენტის ოფისში წყაროებზე დაყრდნობით წერს, უსაფრთხოების გარანტიების პროექტის მომზადება მომავალი კვირის ბოლომდე იგეგმება.
მედიასაშუალების ცნობით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე შეხვედრა 22 აგვისტოს შედგა და მასში აშშ-ის მხრიდან რუბიო და ამერიკელი გენერლები მონაწილეობდნენ. შეხვედრას ასევე შეუერთდნენ გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ფინეთი ლიდერების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები, NATO-სა და ევროკომისიის წარმომადგენლები.
როგორც უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გახდა ცნობილი, ამჟამად უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობს ორი ქვეჯგუფი, პოლიტიკურ-იურიდიული და სამხედრო.
უკრაინის მხრიდან პოლიტიკურ ჯგუფს ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობს, სამხედრო საკითხებს კი განიხილავენ ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი რუსტემ იმეროვი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირკი და უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლები.
სამხედრო გარანტიები გულისხმობს შეიარაღების მიწოდებას, თავდაცვის ძალების ფინანსური მხარდაჭერას, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას, წვრთნას და ერთობლივი სამწვთნელო მისიების ჩატარებას.
მედიასაშუალების წყარო აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის და ევროპელებისთვის მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მა უზრუნველყოს ე.წ. დაზღვევის მექანიზმი, რაც შესაძლოა, საჰაერო თავდაცვას ნიშნავდეს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბევზმა განაცხადა, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების პროექტის შემუშავების დასრულება მომავალი კვირის ბოლომდე იგეგმება.
მისი თქმით, ის მომლაპარაკებლები, რომლებიც დაკავებულები არიან გარანტიების პოლიტიკური ნაწილით, მუშაობენ NATO-ს წესდების მეხუთე მუხლის მსგავს ვერსიაზე. შეხვედრებზე განიხილება მოქმედებების მკაფიო მექანიზმი იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთის განაახლებს აგრესიას.