1761143605
მარკო რუბიო: ქნესეთის მიერ დასავლეთ ნაპირის ანექსიის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები საფრთხეს შეუქმნის დონალდ ტრამპის გეგმას, ღაზაში კონფლიქტის დასრულებასთან დაკავშირებით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ისრაელის პარლამენტის მიერ დასავლეთ ნაპირის ანექსიის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები საფრთხეს შეუქმნის დონალდ ტრამპის გეგმას, ღაზაში კონფლიქტის დასრულებასთან დაკავშირებით.
ამ განცხადებით რუბიომ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა ისრაელის პარლამენტის მიერ დასავლეთ ნაპირის ანექსიის პოტენციური გადაწყვეტილების შესახებ.
„პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს არ არის ის, რასაც ჩვენ მხარს დავუჭერდით. ვფიქრობთ, რომ ეს სამშვიდობო შეთანხმებას საფრთხეს უქმნის. ვფიქრობთ, შეიძლება ეს კონტრპროდუქტიული იყოს“,- აღნიშნა რუბიომ.
მარკო რუბიომ ისრაელში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნება.
„ბევრი სამუშაო უნდა ჩატარდეს. პირველი რამდენიმე კვირა იქნება გადამწყვეტი, შემდეგ კი დაიწყება მუდმივი პროცესის ჩამოყალიბება“,- განაცხადა მარკო რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი 7-10 დღის განმავლობაში მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციის მაღალი დონის ოფიციალური პირები ადგილზე იმყოფებოდნენ.
„ეს არის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა მიაღწია. ახლა უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს გაგრძელდება“, – აღნიშნა რუბიომ.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ მათი მიზანია, ღაზაში პალესტინელების მიერ მართული სამოქალაქო ხელისუფლება შეიქმნას, რომლებიც ჰამასს არ დაუკავშირდებიან.
„გვინდა, ღაზაში ვიხილოთ პალესტინის სამოქალაქო ხელისუფლება. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. ჩვენ გვსურს, ღაზაში ვიხილოთ პალესტინის საპოლიციო ძალები, რომლებიც არ წარმოადგენენ ჰამასს და კარგ საქმეს გააკეთებენ, მაგრამ მათ მაინც დასჭირდებათ ტრენინგი და აღჭურვა“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მარკო რუბიო ისრაელში 25 ოქტომბრამდე დარჩება.