მარკ რუტე: ამჟამად უკრაინა ბრძოლის ველზე გაცილებით უკეთ გრძნობს თავს და დიდ წარმატებებს აღწევს

მარკ რუტე

ამჟამად უკრაინა ბრძოლის ველზე გაცილებით უკეთ გრძნობს თავს და დიდ წარმატებებს აღწევს, მაშინ როცა რუსები ყოველთვიურად 35 ათას სამხედრო მოსამსახურეს კარგავენ. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ გამოცემა Financial Times-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„პროგრესი, რომელსაც რუსეთი ჯერ კიდევ ოთხი-ხუთი თვის წინ აღწევდა, ახლა მნიშვნელოვნად შენელდა. უკრაინა თავს გაცილებით, გაცილებით უკეთ გრძნობს. გასულ კვირას თეთრ სახლში ამას აშშ-ის პრეზიდენტიც დაეთანხმა“, - განაცხადა მან.

რუტემ აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინი „არ არის შთაგონებული“ რუსეთის არმიის დანაკარგებითა და ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატებებით. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსეთის ლიდერს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა სურს.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, დასავლეთმა უკრაინას უფრო მეტად უნდა დაუჭიროს მხარი და უზრუნველყოს, რომ მოლაპარაკებების დაწყების მომენტისთვის ის მაქსიმალურად ძლიერი იყოს.