1795897646
მანქანის ქურდობისთვის ნასამართლევმა, ორსულმა პატიმარმა სამ მცველს ავტომობილი მოჰპარა და ციხიდან გაიქცა
აშშ-ში 26 წლის ქალი ციხეში ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ბრუნდებოდა, როდესაც გაქცევა მოახერხა
ორსულმა პატიმარმა აშშ-ის ნიუ-მექსიკოს შტატში საპატიმროდან გაქცევა მოახერხა — ქალმა სწრაფი კვების ობიექტის ავტოსადგომზე სამსახურებრივი ავტომობილი გაიტაცა და მიიმალა. 26 წლის ქალი ექიმთან ვიზიტის შემდეგ მანქანაში იმყოფებოდა, როდესაც მძღოლის სავარძელზე გადაჯდომა და გაქცევა შეძლო. ამის შესახებ The New York Times წერს.
ინციდენტი 25 ნოემბერს ქალაქ ალბუკერკეში მოხდა. რებეკა ტეილორი ქალთა კონსულტაციიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაჰყავდათ. მასთან ერთად ავტომობილში კიდევ ერთი პატიმარი იმყოფებოდა, მათ კი სასჯელაღსრულების სამსახურის სამი თანამშრომელი აცილებდა.
სწრაფი კვების რესტორან Whataburger-თან გაჩერების დროს ერთ-ერთი თანამშრომელი ავტომობილიდან გადავიდა. ტეილორმა, რომელსაც ორსულობის გამო ხელბორკილები არ ჰქონდა დადებული, მომენტი გამოიყენა, უკანა სავარძლიდან მძღოლის ადგილას გადაჯდა, საჭესთან დაჯდა და Dodge Journey-ის მარკის ჯიპით გაიქცა.
მეორე პატიმარმა ავტომობილი დატოვა, თუმცა ის კვლავ სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩა.
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ პოლიციელებმა შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში მიტოვებული ავტომობილი აღმოაჩინეს. თუმცა გაქცეული ქალი მანქანაში აღარ იმყოფებოდა. მოგვიანებით, იქვე ახლოს, მისი ნარინჯისფერი საპატიმრო ფორმა და სასჯელაღსრულების უწყების სამსახურებრივი ტელეფონი იპოვეს.
აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაციით, ტეილორი ექვსწლიან სასჯელს იხდიდა ავტომობილების ქურდობასთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის.
მისი ძებნის ოპერაციაში რამდენიმე სამართალდამცავი უწყებაა ჩართული.












