მაკრონი აშშ-ის მიერ ყოფილ ევროკომისარზე სანქციების დაწესებას გმობს - „აღნიშნული დაშინებისა და იძულების მცდელობაა“

მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის გმობს აშშ-ის მიერ ყოფილი ევროკომისრის ტიერი ბრეტონისა და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციების ოთხი წარმომადგენლსის დასანქციერებას.

„საფრანგეთი გმობს შეერთებული შტატების მიერ ტიერი ბრეტონისა და სხვა ოთხი ევროპელის მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესებას. აღნიშნული ღონისძიებები დაშინებისა და იძულების მცდელობაა, რომელიც ევროპული ციფრული სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრისკენ არის მიმართული. ევროკავშირის ციფრული წესები ევროპულ პარლამენტსა და საბჭოში დემოკრატიული და სუვერენული პროცესის შედეგადაა მიღებული“, - დაწერა მაკრონმა.

როგორც მაკრონი აღნიშნავს, ციფრული წესები ევროკავშირში სოციალურ პლატფორმებს შორის სამართლიანი კონკურენციის პირობების შესაქმნელად იყო მიღებული. ევროკავშირში ციფრული სივრცის რეგულირების წესები ევროპის ფარგლებს გარეთ არ უნდა მიიღებოდეს.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ის ევროპელ პარტნიორებთან ერთად ევროკავშირის ციფრული სუვერენიტეტის დაცვას გააგრძელებს.

ცნობისთვის, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ყოფილ ევროკომისარს ტიერი ბრეტონს და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციების ოთხ წარმომადგენელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა აუკრძალა. აშშ სანქცირებულებს ადანაშაულებს ამერიკული პლატფორმების იძულებითი ცენზურის, დემონეტიზაციისა და მათთვის მიუღებელი ამერიკული მოსაზრებების ჩახშობისკენ მიმართული ძალისხმევის ორგანიზებაში.