ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ - 2 მაისს ნეტარი მატრონას ხსენების დღეა
1746165881
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მაიკ უოლცის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობიდან გათავისუფლება, „დათხოვნა“ არ იყო. როგორც ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, ეს დაწინაურებაა.
„ის არ გაუშვიათ. ის ინიშნება გაერო-ში ელჩად, რაც, რა თქმა უნდა, სენატის მიერ დასამტკიცებელი პოზიციაა. შეიძლება ითქვას, რომ ეს დაწინაურებაა. ჩვენ მაიკი მოვიყვანეთ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში სერიოზული რეფორმების გასატარებლად. მან ეს გააკეთა. მე მომწონს მაიკი. ვფიქრობ, ის შესანიშნავი ადამიანია. მას აქვს ჩემი და პრეზიდენტის ნდობა, მაგრამ ასევე ვფიქრობდით, რომ ის უკეთესი გაერო-ს ელჩი იქნებოდა. მედია ცდილობს, ეს წარმოაჩინოს, როგორც გათავისუფლება. დონალდ ტრამპს ბევრი ადამიანი გაუთავისუფლებია. მას არ დაუნიშნავს ისინი შემდეგ სენატის მიერ დასამტკიცებელ თანამდებობებზე. მას მიაჩნია, რომ მაიკ უოლცი უკეთესად ემსახურება ადმინისტრაციას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამერიკელ ხალხს ამ როლში. მე ვეთანხმები მას“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა ინტერვიუში.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა უარყო ვარაუდი, რომ მაიკ უოლცის თანამდებობიდან გათავისუფლება აპლიკაცია „სიგნალის“ სკანდალთან არის დაკავშირებული. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს რომ ჰქონოდა „სიგნალთან“ დაკავშირებული ინციდენტის გამო, რომელიც, ვენსის შეფასებით, სრულიად უმნიშვნელო საკითხი იყო, უოლცის გათავისუფლების სურვილი, ის ამას პირდაპირ გააკეთებდა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მაიკ უოლცი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის თანამდებობას დატოვებს და მას „გაერო-ში აშშ-ის შემდეგ ელჩად წარადგენს“.
უოლცის გარშემო სკანდალი მარტში მას შემდეგ აგორდა, რაც მან შექმნა ჩატი „სიგნალში“, შეცდომით დაამატა The Atlantic-ის ჟურნალისტი ჯეფრი გოლდბერგი და ამით გაამჟღავნა ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსნებთან მიმდინარე განხილვები იემენში „ჰუსიტების“ სამიზნეებზე სამხედრო დარტყმის გეგმის შესახებ.