„ლუფთჰანზა“ ავიაბილეთების გაძვირებასა და ფრენების შემცირებას აანონსებს

ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ თეირანისა და ბეირუთის მიმართულებით ფრენები მომავალ წლამდე შეაჩერა

გერმანული ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“, საავიაციო საწვავის ხარჯების ზრდის ფონზე, ავიაბილეთების გაძვირებასა და ფრენების შემცირებას აანონსებს.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტის დახურვის გამო მიმდინარე წელს საავიაციო საწვავის ხარჯები დაახლოებით 1.7 მილიარდი ევროთი გაიზარდა, რის გამოც კომპანია იძულებული იქნება, გაზარდოს ბილეთების ფასები და შეამციროს ფრენების რაოდენობა.

მათი თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი ავიაციის სექტორს უზარმაზარ გამოწვევებს უქმნის.

ამასთან, ავიაკომპანიაში აღნიშნავენ, რომ წლის ბოლოს საწვავის შესაძლო დეფიციტი დამატებითი რისკფაქტორია. ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ, არსებული სირთულეების მიუხედავად, ფრენებზე მოთხოვნა კვლავ მაღალია და ზაფხულის ტურისტული სეზონი აქტიური იქნება.