ლიეტუვის მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ სკანდალის გამო გადამდგარი პრემიერი პალუცკასი პოლიტიკად საერთოდ წავა

გინტაუტას პალუცკასი

ლიეტუვის სოციალ-დემოკრატული პარტიის დროებითმა ლიდერმა, მინდაუგას სინკიავიჩუსმა განაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გინტაუტას პალუცკასი, რომელმაც მთავრობის თავმჯდომარისა და მმართველი პარტიის ლიდერის თანამდებობები დატოვა, პოლიტიკიდან საერთოდ წავა.

სინკიავიჩუსის თქმით, სოციალ-დემოკრატული პარტიის სხდომაზე, რომელიც გასულ კვირას გაიმართა, მან პალუცკასს ჰკითხა, აპირებს თუ არა ის პარლამენტის მანდატის დატოვებასაც.

„მაშინ მან მიპასუხა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მან პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. რას ნიშნავს ეს - მარტივ ენაზე ვერ ვთარგმნი“, - თქვა სინკიავიჩუსმა.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ პარტია პალუცკასს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დროს მისცემს.

„შემოდგომის სესიამდე დრო ჯერ კიდევ არის, ის იფიქრებს, თუ როგორ ხედავს საკუთარ მონაწილეობას. მგონი, ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას და თავად გააკეთებს კომენტარს“, - თქვა სინკიავიჩუსმა.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ლიეტუველმა ჟურნალისტებმა არაერთი გამოძიება ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ პალუცკასს წარსულში არაკეთილსინდისიერი გარიგებები და საქმიანი ურთიერთობები ჰქონდა. ამის ფონზე ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ მას ორკვირიანი ვადა მისცა. მას ან უნდა გაექარწყლა ბრალდებები, ან გადამდგარიყო. 31 ივლისს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.