აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივით, ბიზნეს ან ტურისტული ვიზების მიღების მსურველებს შესაძლოა, 15 000 დოლარამდე საგარანტიო თანხის გადახდის ვალდებულება დაუწესდეთ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოდის ინიციატივით, რომ ბიზნეს ან ტურისტული ვიზების მიღების მსურველებს 15 000 დოლარამდე საგარანტიო თანხის გადახდის ვალდებულება დაუწესდეთ. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, შესაბამის შეტყობინებაში, რომელიც ფედერალურ რეესტრში 5 აგვისტოს უნდა გამოქვეყნდეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ სიახლე შეეხება მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებსაც ვიზების ვადების დარღვევის მაღალი მაჩვენებელი აქვთ ან მათი დოკუმენტების უსაფრთხოების შიდა კონტროლის სისტემა არასათანადოდ ფუნქციონირებს. ასეთ შემთხვევაში ამ ქვეყნების მოქალაქეებს ვიზის აღების განაცხადის შევსებისას საგარანტიო თანხის გადახდის ვალდებულება დაუწესდებათ, რომლის ოდენობაც 5000-დან 15000 დოლარამდე იქნება.

როგორც ამავე შეტყობინებიდან ირკვევა, ეს ვალდებულება ამოქმედდება საპილოტე (საცდელი) პროგრამის სახით და ერთი წელი გაგრძელდება.

ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებისთვისაც დაწესდება საგარანტიო თანხის გადახდის ვალდებულება მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ეს პროგრამა ამოქმედდება. ამასთან ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, ზოგიერთი პირი შესაძლოა საგარანტიო თანხის გადახდისგან გათავისუფლდეს.

ამასთან, ამ თანხის გადახდა არ მოუწევს იმ სახელმწიფოების მოქალაქეებს, რომლებიც აშშ-თან უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ.

ეს წინადადება სახელმწიფო დეპარტამენტმა იმ ფონზე წარადგინა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის ვიზის მიღების მსურველთათვის მოთხოვნებს ამკაცრებს. გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ვიზების მიღების ბევრ მსურველს გასაუბრების გავლა მოუწევს, რაც მანამდე სავალდებულო არ იყო.