1771531835
L'Express: ბელგიიდან პოლონეთამდე, დონალდ ტრამპის ელჩები ევროპაში პროვოკაციულ ტაქტიკას მიმართავენ
ბელგიურ-ამერიკული ურთიერთობები ბოლო რამდენიმე დღეა ისეთ მშფოთვარე ეტაპს გადის, როგორიც აქამდე არ ყოფილა, - წერს ფრანგული ყოველკვირეული საინფორმაციო-პოლიტიკური ჟურნალი L'Express-ი სტატიაში სათაურით „ბელგიიდან პოლონეთამდე, დონალდ ტრამპის ელჩები ევროპაში პროვოკაციულ ტაქტიკას მიმართავენ“.
ამ სამშაბათს, აშშ-ის ელჩი, ბილ უაითი, დონალდ ტრამპის ერთგული მხარდამჭერი, ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს მას შემდეგ, რაც მან ბელგია ანტისემიტიზმში დაადანაშაულა სოციალურ ქსელ X-ზე.
უაითმა გააკრიტიკა ბელგიის მიდგომა ანტვერპენის საქმისადმი, სადაც სამი მოჰელი - ებრაელი მამაკაცი, რომელიც წინადაცვეთის რიტუალს ასრულებს - სასამართლო გამოძიების ქვეშ მოექცა. მათ ბრალად ედებათ პროცედურების ჩატარება ექიმის დასწრების გარეშე, რაც ბელგიაში აკრძალულია.
თავდასხმის სამიზნე ასევე გახდა ჯანდაცვის მინისტრი, ფრანკ ვანდენბრუკი, რომელიც ბილ უაითმა „უზრდელობაში“ დაადანაშაულა: „მან უარი თქვა ჩემთვის ხელის ჩამორთმევაზე და ჩემთან ერთად ფოტოს გადაღებაზე“, - დაწერა მან.
მას შემდეგ ეს საქმე სულ უფრო მეტად მწვავდება. საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულმა ბილ უაითმა მკაცრი გაფრთხილება მიიღო: „ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებში ნებისმიერი სახის ჩარევა კვეთს ზღვარს, რომლის გადაკვეთაც დაუშვებელია“, - განაცხადა მაღალჩინოსანმა, თეოდორა გენცისმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „დიალოგი ჩვენი ინსტიტუტებისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული“.
მიუხედავად ამ დაბარებისა და ვითარების განმუხტვის აშკარა მცდელობისა, ბილ უაითმა განაგრძო მუქარა პარტია Vooruit-ის პრეზიდენტის, კონერ რუსოს მისამართით და ბოდიშის მოხდა მოითხოვა სამი კვირის წინ ინსტაგრამზე გაზიარებული ვიდეოს გამო, რომელშიც რუსო აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურს (ICE) აკრიტიკებდა.
რამდენიმე დღით ადრე, პოლონეთში, კიდევ ერთმა ამერიკელმა დიპლომატმა გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. 5 თებერვალს, ტომას როუზმა, რომელიც 2025 წლის ნოემბრიდან ვარშავაში აშშ-ის ელჩია, განაცხადა, რომ წყვეტს ყოველგვარ კონტაქტს პოლონეთის ქვედა პალატის თავმჯდომარესთან, ვლოძიმეჟ ჩაჟასტისთან.
ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ჩაჟასტის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას დონალდ ტრამპის შესახებ, სადაც მან მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე საუბრისას აღნიშნა: „ის [ტრამპი] ამას არ იმსახურებს“. ტრამპისტმა ელჩმა სოციალურ ქსელ X-ზე ამ სიტყვებს „აღმაშფოთებელი შეურაცხყოფა“ უწოდა, რომელიც „სერიოზულად“ აზიანებს პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან და მის მთავრობასთან არსებულ „შესანიშნავ ურთიერთობებს“.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განმარტა, რომ პოლონური დიპლომატია „რეგულარულ კონტაქტზეა ტომას როუზთან, ისევე როგორც ამერიკის ხელისუფლებასთან“, მაშინ როცა თეთრი სახლი დუმილს ინარჩუნებს. ამ ინციდენტმა საზოგადოებრივი დებატები კიდევ უფრო გაამწვავა - პოლონელთა 44% მხარს უჭერს ჩაჟასტის გადაწყვეტილებას, არ დაუჭიროს მხარი ტრამპს.
არც საფრანგეთი დარჩენილა MAGA-ს სტილის დიპლომატიის მიღმა. ჯერ კიდევ 2025 წლის აგვისტოში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი, ჩარლზ კუშნერი დაიბარა მას შემდეგ, რაც მან პარიზი ანტისემიტიზმის ზრდის წინააღმდეგ უმოქმედობაში დაადანაშაულა. ბელგიისა და პოლონეთის მსგავსად, საფრანგეთის ხელისუფლებამ ეს საჯარო გამოსვლები „უპრეცედენტოდ და შეურაცხმყოფელად“ მიიჩნია და შეახსენა ელჩს, რომ ვენის კონვენცია დიპლომატებს ავალდებულებს, პატივი სცენ იმ სახელმწიფოს კანონებსა და შიდა საქმეებს, სადაც ისინი არიან აკრედიტებულნი.











