1698406900
LCI: გამოკითხული ფრანგების 61% მხარს უჭერს ეროვნული ასამბლეის დათხოვნას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ფრანსუა ბაირუ იძულებული გახდა გადამდგარიყო, მას შემდეგ რაც ვერ მოიპოვა მხარდაჭერა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების კენჭისყრისას.
საფრანგეთის საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტის (IFOP) მიერ ტელეკომპანია LCI-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა, კერძოდ, 61% მხარს უჭერს ეროვნული ასამბლეის დათხოვნას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
აღსანიშნავია, რომ ვადამდელი არჩევნების მომხრეთა რაოდენობა 11%-ით გაიზარდა 4 ივლისს ჩატარებული ანალოგიური კვლევის შედეგებთან შედარებით.
„ეს საკმაოდ ნიშანდობლივია, რადგან მსგავსი აზრი ჭარბობს საზოგადოების უმეტეს კატეგორიაში“, – განაცხადა ტელეკომპანიის ეთერში IFOP-ის საზოგადოებრივი აზრის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფრედერიკ დაბიმ.
ამ დროისთვის საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ახალი მთავრობის ფორმირება მოუწევს.