ლავროვი: მოსკოვს სურს გაიგოს, რას გულისხმობდა დონალდ ტრამპი უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად 50 დღის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვს სურს გაიგოს, რას გულისხმობდა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად 50 დღის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვსურს გავიგოთ, რა დგას ამ განცხადების [ტრამპის] უკან - 50 დღე. ადრე იყო 24 საათიც, იყო 100 დღეც, ჩვენ ეს ყველაფერი გამოვიარეთ და ნამდვილად გვინდა გავიგოთ, რა ამოძრავებს შეერთებული შტატების პრეზიდენტს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

„ნათელია, რომ ის [ტრამპი] იმყოფება უზარმაზარი წნეხის ქვეშ ევროკავშირისა და ნატოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან, რომელიც უცერემონიოდ უჭერს მხარს ზელენსკის მოთხოვნებს, აგრძელებს მისთვის თანამედროვე, მათ შორის შეტევითი იარაღის მიწოდებას“, - დასძინა მან.

ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ თუ 50 დღეში სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება მიღწეული, რუსეთს ცალმხრივად დაუწესებს „100 პროცენტიან“ ტარიფებს.