კრემლი აშშ-სა და ირანს ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს - „გვჯერა, რომ ირანთან დიალოგი აუცილებელია“

დიმიტრი პესკოვი

კრემლი აშშ-სა და ირანს ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ამის შესახებ მას შემდეგ ისაუბრა, რაც რაც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ კიდევ ერთ მასშტაბურ შეტევას მხარს დაუჭერს.

„ჩვენ გვჯერა, რომ აუცილებელია თავი შეიკავოთ ნებისმიერი ნაბიჯისგან, რამაც შეიძლება, რეგიონში დაძაბულობა გაზარდოს. გვჯერა, რომ, უპირველეს ყოვლისა, ირანთან დიალოგი აუცილებელია“, – განუცხადა ჟურნალისტებს პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი გააგრძელებს ირანთან მჭიდრო კავშირების დამყარებას.

ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად, ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ თეირანი შესაძლოა, ივნისში აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმის შემდეგ იარაღის პროგრამების აღდგენაზე მუშაობდეს. ოფიციალური თეირანი უარყოფს, რომ მას ბირთვული იარაღის პროგრამა აქვს.