კონგრესმენმა თომას მესიმ აშშ-ის ნატო-დან გასვლის შესახებ კანონპროექტი წარადგინა

თომას მესი

ამერიკელმა კონგრესმენმა, თომას მესიმ აშშ-ის ნატო-დან გასვლის შესახებ კანონპროექტი წარადგინა. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წარმომადგენლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც მესი აცხადებს, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დაკარგა აქტუალობა.

„ნატო ცივი ომის რელიკვიაა. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ნატო-დან და ეს ფული გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის და არა სოციალისტური სახელმწიფოების დასაცავად. ნატო შეიქმნა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც 30 წელზე მეტი ხნის წინ დაიშალა. მას შემდეგ აშშ-ის მონაწილეობა გადასახადის გადამხდელებს ტრილიონობით დოლარი დაუჯდათ და კვლავაც შეიცავს აშშ-ის უცხო ქვეყნების ომებში ჩართვის რისკს. აშშ-ის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ვაშინგტონის მუდმივ მონაწილეობას საგარეო კონფლიქტებში და შეერთებული შტატები არ არის ვალდებული, უზრუნველყოს მთელი მსოფლიოს უსაფრთხოება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მდიდარი ქვეყნები უარს ამბობენ საკუთარი თავდაცვის დაფინანსებაზე“, – განაცხადა კონგრესმენმა.

კანონპროექტში, სახელწოდებით „ნატო-ს აქტი“, აღნიშნულია, რომ ნატო-ს წევრობა აღარ შედის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში. ასევე, რომ ნატო-ს ევროპელ წევრებს აქვთ საკმარისი ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობები საკუთარი თავდაცვის უზრუნველსაყოფად.