1756145280
კიტ კელოგთან შეხვედრაზე განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია, გავლენა მოვახდინოთ რუსებზე, ვაიძულოთ, რეალურ მოლაპარაკებებში ჩაერთონ და დავასრულოთ ომი - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა.
ზელენსკის თქმით, მადლობელია აშშ-ის მხარდაჭერისთვის და ძალიან აფასებს შეერთებული შტატების მზადყოფნას, იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის ნაწილი.
„ძალიან მნიშვნელოვანია ვაშინგტონში ევროპელ ლიდერებთან ჩვენი შეხვედრის დროს მიღწეული ყველა შედეგის – პოლიტიკური, თავდაცვისა და ეკონომიკური – რეალიზება. უდავოა, რომ ეს იყო წარმატებული სამიტი, ევროპისა და აშშ-ის ნამდვილი ერთიანობის დემონსტრირება. უკრაინა, როგორც ყოველთვის, აერთიანებს მსოფლიოს. ჩვენ ვაფასებთ შეერთებული შტატების მზადყოფნას, იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი და ჩვენი გუნდები აქტიურად მუშაობენ მის ჩამოყალიბებაზე. ჩვენ ველოდებით, რომ უსაფრთხოების ძირითადი საფუძვლები მალე განისაზღვრება. ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია, გავლენა მოვახდინოთ რუსებზე, ვაიძულოთ ისინი, რეალურ მოლაპარაკებებში ჩაერთონ და დავასრულოთ ომი. სანქციები, ტარიფები – ყველაფერი დღის წესრიგში უნდა დარჩეს. ჩვენ მზად ვართ, ლიდერების ფორმატში ჩავერთოთ. ეს არის ფორმატი, რომელიც საჭიროა ძირითადი საკითხების გადასაჭრელად. ახლა იგივე მზადყოფნაა საჭირო მოსკოვისგანაც“, – წერს ზელენსკი.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ჰუმანიტარულ საკითხზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა შეძლებს ყველა გატაცებული ბავშვის დაბრუნებას.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშშ, აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი გააგრძელებენ პირად ძალისხმევას რუსეთის მიერ უკანონოდ გატაცებული ყველა ბავშვის დასაბრუნებლად“, – წერს ზელენსკი.