კირ სტარმერის მთავარი მდივანი დარენ ჯონსი აცხადებს, რომ აშშ-სთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი რჩება

დარენ ჯონსი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მთავარი მდივანი დარენ ჯონსი აცხადებს, რომ აშშ-სთან ურთიერთობა „მნიშვნელოვანი რჩება“.

„მესმის, რომ პრეზიდენტი არ იყო კმაყოფილი იმით, რომ ჩვენ არ ვიყავით ჩართულნი დარტყმების პირველ ტალღაში“, – განაცხადა დარენ ჯონსმა BBC Breakfast-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი „მხოლოდ მაშინ გამოყოფს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, როდესაც ამისთვის სამართლებრივი საფუძველი, მოქმედების მკაფიო გეგმა იარსებებს და ეს დიდი ბრიტანეთის ინტერესებში იქნება“.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერის მთავარი მდივნის განცხადებით, აშშ-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობა უცვლელი რჩება, რადგან „მათი სამხედროები ამჟამადაც მჭიდროდ თანამშრომლობენ“.

„მე ვაღიარებ, რომ პრეზიდენტს განსხვავებული შეხედულება ჰქონდა, მაგრამ როგორც ვთქვი, ჩვენი სამხედრო პერსონალი ახლა თანამშრომლობს რეგიონში ბრიტანეთის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობის ანარეკლია, ვმუშაობთ ისე, როგორც საზოგადოება ელოდება ჩვენგან“, – განაცხადა დარენ ჯონსმა.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი „უსარგებლოა“ და დღესდღეობით დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობა ისეთი აღარ არის, როგორიც იყო. ტრამპმა The Sun-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე იერიშების დროს გაერთიანებული სამეფოსგან მეტ მხარდაჭერას ელოდა და ვერ წარმოიდგენდა, დიდი ბრიტანეთისგან ოდესმე მსგავს კრიტიკას თუ მიიღებდა.

„ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ურთიერთობა აშკარად ისეთი არ არის, როგორიც იყო“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთმა უფრო მეტი მხარდაჭერა გამოხატა აშშ-ის მიმართ, ვიდრე ბრიტანეთმა, რასაც ლონდონისგან არ ელოდა.