ხორვატიის მთავრობამ საწვავზე ფასის ზედა ზღვარი დააწესა

საწვავზე ფასი

„ბიბისის“ ცნობით, ხორვატიის მთავრობამ საწვავზე საცალო ფასის ზედა ზღვარი დააწესა.

განკარგულება ხვალიდან შევა ძალაში, სულ მცირე, ორი კვირით.

როგორც ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა განაცხადა, ერთი ლიტრი ევრო სუპერის ბენზინის ფასი 1,50 ევროს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ერთი ლიტრი ევრო სუპერის დიზელის ღირებულება მაქსიმუმ 1,55 ევრო იქნება.

ანდრეი პლენკოვიჩის თქმით, მთავრობის მიერ გატარებული ზომების გარეშე ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 1,55 ევრო, ხოლო დიზელის 1,72 ევრო იქნებოდა.

ხორვატიის მთავრობა საწვავის ფასებს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არეგულირებდა. ეს ზომები შარშან ივლისში გაუქმდა.

მანამდე საწვავზე ზღვრული ფასების დაწესების გეგმის შესახებ სამხრეთ კორეის ხელისუფლებამაც განაცხადა. მსგავსი ზომები სამხრეთ კორეას ბოლო 30 წელია, არ მიუღია.