ხმა მივეცი პარლამენტს, რომელთან ერთადაც შევძლებთ მშვიდობის შენარჩუნებას - მოდით არჩევნებზე, რადგან მოლდოვა საფრთხეშია და თითოეული თქვენგანის დახმარება სჭირდება - მაია სანდუ

სანდუ

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. მასში 5 პარტია, 4 კოალიცია და 4 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. ძირითადი დაპირისპირება ორ პოლიტიკურ ძალას, მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიასა“ და ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ოპოზიციურ „პატრიოტულ ბლოკს“ შორის მიმდინარეობს. სანდუმ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა, რის შემდეგაც მოქალაქეებს მიმართა.

„ხმა მივეცი პარლამენტს, რომელთან ერთადაც შევძლებთ მშვიდობის შენარჩუნებას, რომელიც პატივს სცემს მოლდოვის რესპუბლიკას და მოქალაქეებს, რომელთან ერთადაც გავაგრძელებთ ევროპული მოლდოვის მშენებლობას. მინდა, მოვუწოდო მოლდოვის მოქალაქეებს - მოდით არჩევნებზე, რადგან მოლდოვა, ჩვენი ძვირფასი სახლი, საფრთხეშია და თითოეული თქვენგანის დახმარება სჭირდება. თქვენ დღეს შეგიძლიათ მოლდოვა თქვენი ხმით გადაარჩინოთ. ხვალ შეიძლება ძალიან გვიანი იყოს. ჩვენი ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვიტოს თქვენმა ხმამ და არა ნაყიდმა ხმებმა“, - განაცხადა სანდუმ.

მმართველი პარტია, დიდი ალბათობით, უმრავლესობის მოპოვებას ვეღარ შეძლებს და იძულებული გახდება, კოალიცია მცირე პოლიტიკურ სუბიექტებთან შეკრას, რომლებიც ბარიერს გადალახავენ. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიხურება, არჩევნების ოფიციალური შედეგები კი ხვალ, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე გახდება ცნობილი.