სკანდალური ინტერვიუ - ქეთი ეგიდუნაშვილმა დუმილი დაარღვია
1748547767
ევროკავშირს შავ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის შექმნა სურს პოტენციური უსაფრთხოების მონიტორინგისთვის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც შავი ზღვის სტრატეგიაზე ისაუბრა.
„ჰაბი იქნება შავ ზღვაში გაფრთხილების ადრეული სისტემა. ის დაგვეხმარება კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში, როგორიცაა საზღვაო ინსტალაციები და წყალქვეშა კაბელები. ჰაბი ასევე დაგვეხმარება რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მონიტორინგში“, – აღნიშნა კალასმა.
როგორც კალასმა განაცხადა, შავი ზღვის რეგიონი არის სტრატეგიული მნიშვნელობის ევროკავშირისთვის, რადგან ის აკავშირებს ევროპასა და ცენტრალურ აზიას. მისი თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის.
„შავი ზღვის რეგიონი არის ევროკავშირისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის, რადგან ის არის ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი. ის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ენერგეტიკის კუთხით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონის ქვეყნები აძლიერებენ თავიანთ კავშირებს ევროკავშირთან. არის გეოპოლიტიკური ძვრების შეგრძნება. უკრაინა და მოლდოვა მიდიან ევროკავშირის წევრობისკენ. ასევე საქართველო, თუ ის ევროკავშირის გზას დაუბრუნდება. აგრეთვე თურქეთი არის მნიშვნელოვანი პარტნიორი და კანდიდატი ქვეყანა. თუმცა რეგიონის პოტენციალს ჩრდილს აყენებს რუსეთის ომი, საჰაერო სივრცის გახშირებული დარღვევები, თავდასხმები პორტებსა და საზღვაო მარშრუტებზე“, – განაცხადა კალასმა.
ევროპელი დიპლომატის თქმით, შავი ზღვის ახალი სტრატეგია არის შავი ზღვის ქვეყნებისთვის ერთგვარი მიწვევა თანამშრომლობის გასაძლიერებლად. კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მოწოდებულია შავი ზღვის რეგიონის პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის. კაია კალასის განმარტებით, ამ სტრატეგიის შედეგად სარგებლის მიღება შავი ზღვის ყველა ქვეყანას შეუძლია.
ამასთან, კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გაიმართება დისკუსია იმის შესახებ, სად განლაგდება ეს ჰაბი.