ხვალიდან, ახალი შეზღუდვა ამოქმედდება - ცნობილია, ვინ დაჯარიმდება დარღვევის შემთხვევაში
1766346324
უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია, თუმცა გაურკვეველია, როდის დადგება მშვიდობა, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.
ვენსის თქმით, მოლაპარაკებების პროცესში სირთულეებია სამივე ჩართულ მხარესთან – უკრაინელებთან, რუსებთან და ევროპელებთან, თუმცა, მისი აზრით, „გარღვევას“ წარმოადგენს ის, რომ „ყველა სადავო საკითხი ღიად განიხილება“, მაშინ როცა „თავიდან იყო გარკვეული არეულობა და გაურკვევლობა“.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს ყველაზე სადავო საკითხი ტერიტორიებია.
„რუსებს ნამდვილად სურთ დონეცკის ოლქის ტერიტორიის კონტროლი. უკრაინელები ამას უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემად მიიჩნევენ, მაშინაც კი, თუ ისინი თავადაც აღიარებენ, რომ საბოლოოდ, სავარაუდოდ, დაკარგავენ დონეცკს, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს 12 თვეში, ან შეიძლება, მოგვიანებითაც. ამიტომ, ეს ტერიტორიული დათმობა მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს მოლაპარაკებებში, მე ვიტყოდი, რომ ეს საშინელი ტერიტორიული დათმობაა“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.
ამასთან, ვენსის თქმით, არსებობს რამდენიმე ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხიც.
„ვინ აკონტროლებს ბირთვულ ობიექტს ზაპორიჟიეში? შესაძლებელია თუ არა მისი ერთობლივი კონტროლი? ის უნდა აკონტროლოს ერთმა მხარემ თუ რამდენიმემ? რა მოხდება საბოლოოდ ეთნიკურ რუსებთან დაკავშირებით, რომლებიც ჯერ კიდევ უკრაინაში არიან? რა ბედი ელოდებათ ეთნიკურ უკრაინელებს, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთში არიან? ბევრი რუსი სვამდა მსგავს კითხვებს. და, რა თქმა უნდა, არის უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხიც“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ვენსის თქმით, არ ეწინააღმდეგება გარკვეული საკითხების მედიაში გავრცელებას და მიიჩნევს, რომ ყველა მხარე მონაწილეობს მოლაპარაკებებში საკუთარი „კეთილი ნებით“. თუმცა, მშვიდობის მიღწევის პერსპექტივების შეფასებისას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არ გამოთქვა რწმენა, რომ ეს აუცილებლად მოხდება.
„ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს. ვფიქრობ, რომ მივაღწიეთ პროგრესს, მაგრამ დღეს დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ სამშვიდობო გადაწყვეტამდე მივალთ. ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობაა იმისა,რომ ამას მივაღწევთ,თუმცა ასევე დიდი ალბათობაა იმისაც, რომ ამას ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა ვენსმა.