ჯეი დი ვენსი: რუსეთ-უკრაინის საკითხი თეთრი სახლისთვის მუდმივი იმედგაცრუების წყაროა, გვეგონა, რომ ეს ომი ყველაზე მარტივი გადასაწყვეტი იქნებოდა

ჯეი დი ვენსი

ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა, რომ რუსეთისა და უკრაინის ომის დასრულების შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა, აღნიშნა, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი და დიდ პროგრესს ხედავს, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთ – უკრაინის საკითხი, ვფიქრობ, მთელი თეთრი სახლისთვის მუდმივი იმედგაცრუების წყაროა. ვფიქრობ, ჩვენ ნამდვილად გვეგონა, და, თქვენ მილიონჯერ გსმენიათ ეს პრეზიდენტისგან, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ყველაზე მარტივი გადასაწყვეტი იქნებოდა. თქვენ თუ დაუშვებდით, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევა აღმოსავლეთ ევროპაში მშვიდობის მიღწევაზე უფრო ადვილი იქნებოდა, გეტყოდით, რომ თქვენ გაგიჟდით“, – აღნიშნა ჯე დი ვენსმა.

ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოზიტიურად არის განწყობილი და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დიდ პროგრესს ხედავს.

„ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ჯერ ფინიშის ხაზამდე ვერ მივედით. ვფიქრობ, იმედი არსებობს, იმედია, მომდევნო რამდენიმე კვირაში ამ მხრივ კარგი ამბები იქნება“, – განაცხადა ჯე დი ვენსმა.