ჯეი დი ვენსი: ირანთან მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება

ჯეი დი ვენსი

ირანთან მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა შვეიცარიის დატოვების წინ.

ჟურნალისტებთან საუბრისას ვენსმა განაცხადა, რომ ირანთან და რეგიონულ პარტნიორებთან გამართული მოლაპარაკებების ბოლო 36 საათი ძალიან პროდუქტიული იყო და მხარეებმა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე მიაღწიეს პროგრესს.

ვენსის თქმით, ერთ-ერთი მთავარი შედეგი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ტრანსპორტირების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

„შევქმენით მექანიზმი, რომელიც არა მხოლოდ უზრუნველყოფს ჰორმუზის სრუტის გახსნას, არამედ მის სტაბილურ ფუნქციონირებას მომავალშიც. ბოლო დღეებში ბაზარზე დაახლოებით 15 მილიონი ბარელი ნავთობი გავიდა, რაც ნავთობის ფასების შემცირების ერთ-ერთი მიზეზია. შესაბამისად, საწვავის ფასებიც შემცირდება“, – განაცხადა მან.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ასევე ჩამოყალიბდა ცეცხლის შეწყვეტის რეგიონული  მონიტორინგისა და შესაძლო კონფლიქტების მართვის მექანიზმი, რომელზეც აშშ ისრაელთან და სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებთან ერთად მუშაობს.

ჯეი დი ვენსმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ირანის მიერ საერთაშორისო ინსპექტორების მიღებაზე. მისი განცხადებით, ირანი დათანხმდა ბირთვული ინსპექტორების ქვეყანაში დაშვებას, რაც დიდი ხნის შემდეგ პირველად ხდება. მისი თქმით, ვაშინგტონი მუშაობს მონიტორინგის რეჟიმის გაძლიერებაზე, რათა დარწმუნდეს, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ვერ შექმნის.

ჟურნალისტების კითხვაზე, შეიცვალა თუ არა მისი დამოკიდებულება ირანის მიმართ და ენდობა თუ არა თეირანის დაპირებებს, ვენსმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში მთავარი სიტყვები კი არა, მოქმედებებია.

„არავის სიტყვებს არ უნდა ენდო. უნდა ენდო იმას, რასაც აკეთებენ. ინსპექტორების დაშვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ახლა უნდა ვნახოთ, რეალურად რა შესაძლებლობებს მისცემენ მათ ქვეყანაში მუშაობისთვის“, – განაცხადა მან.

ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ კატარი ჩართული იქნება სპეციალური ფინანსური მექანიზმის შექმნაში, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თანხები დანიშნულებისამებრ იქნას გამოყენებული. თუმცა, როგორც ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, ირანისთვის ფინანსური რესურსების განბლოკვა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მოლაპარაკებებში პროგრესი გაგრძელდება.

„ირანელებთან მოლაპარაკებები ზოგჯერ რთულია, თუმცა ვფიქრობთ, რომ წინ მივიწევთ“, – განაცხადა ვენსმა.