1790161182
ჯანდაცვის დეპარტამენტი: ორანჯის ოლქში წვრთნებზე 30 ადამიანის ავადობის მიზეზი არა საკვებით მოწამვლა, არამედ ნოროვირუსი გახდა
აშშ-ში ორანჯის ოლქში გამართულ წვრთნებზე მასობრივი ავადობის მიზეზი ნოროვირუსი გახდა და არა საკვებით მოწამვლა. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის ჯანდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
კვლევებმა დაადასტურა, რომ სწორედ ნოროვირუსი იყო იმ მასობრივი ავადობის მიზეზი, რომელმაც დაახლოებით 30 ადამიანი დააზარალა ნიუ-იორკის შტატის ორანჯის ოლქში, საგანგებო სიტუაციების სამსახურების მიერ გამართულ წვრთნებზე.
აღნიშნული ინფორმაცია ოლქის ჯანდაცვის დეპარტამენტმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც შეისწავლა დაზარალებულთაგან რამდენიმეს მიერ ჩაბარებული საკვლევი ნიმუშები.
სპეციალისტების თქმით, ეს კუჭ-ნაწლავის ინფექცია იწვევს მწვავე გასტროენტერიტს — კუჭისა და ნაწლავების ანთებას. სიმპტომები, როგორც წესი, 12-დან 48 საათამდე პერიოდში ვლინდება. მისი თქმით, ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, ღებინება, მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, სიცხე, თავის ტკივილი და სხეულის ტკივილი. მხოლოდ ხელის სადეზინფექციო საშუალება ვირუსს ვერ ანადგურებს.
„ნოროვირუსის გავრცელების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური გზა ხელების ხშირი დაბანაა საპნითა და წყლით, სულ მცირე, 20 წამის განმავლობაში“, - აცხადებს ჯეკი ლოულერი, ეპიდემიოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაგეგმვის დირექტორი. მისი თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტუალეტით სარგებლობის, ჭამის, საერთო მოხმარების ზედაპირებთან შეხების, ხელის ჩამორთმევისა და ავადმყოფზე ზრუნვის შემდეგ.
„თუ სიმპტომები აღგენიშნებათ, არ მოამზადოთ და არ შეეხოთ საკვებს და არ იზრუნოთ სხვებზე მანამ, სანამ სიმპტომების გაქრობიდან, სულ მცირე, 48 საათი არ გავა“, - ამბობს ლოულერი.
ლოულერმა აღნიშნა, რომ ვირუსს შეუძლია ზედაპირებზე გადარჩენა, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი სათანადოდ გაწმენდა და დეზინფექცია ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით.











