სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
იტალიის სასამართლომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინელის გერმანიაში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამის ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
ბოლონიის სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, გერმანიის უზენაეს საკასაციო სასამართლოს გადასცეს სერგეი კუზნეცოვი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი კაპიტანი, რომელიც ევროპული ორდერის საფუძველზე რიმინიში 21 აგვისტოს დააკავეს.
უკრაინის მოქალაქის დაცვის მხარე აცხადებს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს, რადგან დაირღვა ბრალდებულის ძირითადი უფლებები, კერძოდ, სამართლიანი სასამართლოს უფლება, ასევე, პატიმრობის პირობები.
გერმანიის პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული სერგეი კუზნეცოვი იყო იმ პირთა ჯგუფის წევრი, რომელმაც ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებზე ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. გერმანიაში მას ბრალად ედება შეთქმულება აფეთქების მოწყობის მიზნით, ანტიკონსტიტუციური დივერსია და მნიშვნელოვანი ნაგებობების განადგურება.
მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ თავდასხმა 2022 წლის სექტემბერში განხორციელდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინას მილსადენების აფეთქებასთან საერთო არაფერი აქვს.