ისრაელის ძალები თეირანზე იერიშებს არ წყვეტენ - დარტყმა განხორციელდა სახელმწიფო რადიო და ტელემაუწყებლობის შტაბ-ბინაზე

თეირანი

ისრაელის ძალები თეირანზე იერიშებს არ წყვეტენ. დარტყმა განახორციელეს სახელმწიფო რადიო და ტელემაუწყებლობის შტაბ-ბინაზე.

"ცახალის" ინფორმაციით, მაუწყებელი სისტემატურად მოუწოდებდა ისრაელის სახელმწიფოს განადგურებისა და ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ.

თავის მხრივ, ირანულმა მაუწყებელმა დაადასტურა, რომ მათ სათავო ოფისთან ახლოს, აფეთქებები მართლაც მოხდა, თუმცა ამბობენ, რომ მუშაობის პროცესში შეფერხება არ შექმნილა.

ბოლო 24 საათში განადგურებულ სამხედრო ობიექტებს შორის არის ქალაქ სანან-დაჯის სამართალდამცავი სტრუქტურებისა და სასაზღვრო დაცვის სარდლობის შტაბ-ბინები. დაზიანდა ისპაჰანის ავიაბაზა და თეირანის სამხედრო ბაზა. სარაკეტო იერიშების შედეგად, დაზიანდა რელიგიური ნაგებობები და საცხოვრებელი კორპუსები, ასევე ადმინისტრაციული შენობები.

ისრაელის სამხედრო უწყებამ ლიბანის ათობით დასახლების მოსახლეობისთვის ევაკუაციის განკარგულება გასცა. გაფრთხილება მიიღო ბეირუთის სამხრეთით მდებარე ორი უბნის მოსახლეობამ — მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დატოვონ კონკრეტული შენობების მიმდებარე ტერიტორია. განცხადებაში 50-მდე ლოკაციაა მითითებული.

საომარი მოქმედებების ფონზე, იზრდება მსხვერპლის რაოდენობაც. უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, ირანში, იერიშების შედეგად, 742 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 176 ბავშვია. დაშავებულთა რაოდენობა კი 900-ს აჭარბებს.