ჯარიმა 50 ლარი და მინუს 10 ქულაა - გაფრთხილება მძღოლებს
1773088562
ირანზე შეტევა გრძელდება. ისრაელის და შტატების კოალიციურმა ძალებმა ისპაჰანის პროვინციაში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სახმელეთო ჯარის რამდენიმე საკვანძო ობიექტზე იერიში მიიტანეს. მოკავშირეების დარტყმის სამიზნე გახდა ირანის სახელმწიფო ინსტიტუტებიც.
გასული 24 საათის განმავლობაში ირანიდან სარაკეტო თავდასხმის გამო ისრაელის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში 12 ჯერ ამოქმედდა. ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან რაკეტები რადიკალურმა დაჯგუფებამ "ჰეზბოლამაც" გაუშვა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულები. ახლო აღმოსავლეთში ახალი შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ ისრაელში მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
ისლამურმა რესპუბლიკამ უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა საუდის არაბეთის და ქუვეითის მიმართულებითაც. საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოხერხდა დრონების განეიტრალება. ქუვეითის ეროვნულმა გვარდიამ კი ქვეყნის ჩრდილოეთ და სამხრეთ რაიონებში ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
პარალელურად მედია, ავრცელებს ინფორმაციას, რომ შტატების პრეზიდენტი მხარს დაუჭერს ირანის ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯთა ბა ხამენეის ლიკვიდაციას, თუ ის ამერიკის მოთხოვნებს არ დათანხმდება. "ვოლ სტრიტ ჯურნალი" წერს, რომ მოთხოვნებს შორის უმთავრესი, ირანის ბირთვული პროგრამის სრული შეწყვეტაა. თეთრ სახლში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.