ირანული მედიის ცნობით, თეირანსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებები გრძელდება - CNN

აშშ ირანი

ირანული მედიის ცნობით, თეირანსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა ქვეყნის მთავარმა მომლაპარაკებელმა, ლიბანზე ისრაელის თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში, ვითარების ესკალაციით დაიმუქრა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, ნახევრად ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო "მეჰრმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანსა და აშშ-ს შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საბოლოო პროექტი "ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია".

მედიის თქმით, ეს მიუთითებს მოლაპარაკებების განახლებაზე მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა საინფორმაციო სააგენტო "ტასნიმმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიბანზე ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების გამო, მოლაპარაკებები შეჩერდა.

ამასთან, ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ ირანი დიპლომატიის ფარგლებს გასცდება და ისრაელთან კონფრონტაციაში შევა, თუ ლიბანზე მისი დარტყმები გაგრძელდება.

"მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ თუ ლიბანში სიონისტური რეჟიმის დანაშაულები გაგრძელდება, ჩვენ არა მხოლოდ შევაჩერებთ მოლაპარაკებებს, არამედ მათ წინააღმდეგაც წავალთ", - განაცხადა ღალიბაფმა.